გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე.ეს დღეს საქართველოშიც აღინიშნება და მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეეწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.
აუტიზმი განვითარების შეფერხებაა. ის მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტისტ ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, ქცევაში, მეტყველებაში, ვერ ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან. აუტიზმის მძიმე ფორმას ახასიათებს გარემოს მიმართ გულგრილობა. აუტიზმის სიმპტომები და მახასიათებლები შეიძლება სხვადასხვა კომბინაციებით გამოვლინდეს. ამჟამად აუტიზმის წამალი არ არის ცნობილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შველა შეუძლებელია.
აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოება კი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და არ მოახდინოს აუტისტთა დისკრედიტაცია.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლა ,,თაობის” მოსწავლეები ახორციელებენ ღონისძიებას.