„ხმელეთზე ბრძოლით ვერაფერს გახდნენ, ვერ გამოიწვიეს აჯანყება. დამარცხებულები მაღლა აფრინდნენ და ზემოდან მშვიდობიან ხალხს დაუშინეს. ეს არის სასოწარკვეთილებით გამოწვეული ნაბიჯი- ამით უნდათ გვითხრან – დაგვნებდით, ბრძოლას თავი დაანებეთ, მაინც ვერ გაგვიძლებთ დიდხანსო, მაგრამ თბილისი არ შეკრთა. არ ეშინია მსხვერპლის არც ფრონტზე და არც მშვიდობიან ქუჩებში. საქართველოს დედაქალაქი არ კარგავს იმ სიდინჯეს, რომელსაც მოითხოვს მისგან დღევანდელი დღე. დამოუკიდებლობის დაცვა საქართველოსათვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მისი ნებით ბოლშევიკები ვერ შემოვლენ აქ. ქართველ ხალხს აქვს ისეთი სიმაგრე, რომელსაც ისინი ვერ მოერევიან ვერც ზარბაზნებით და ვერც ჰაეროპლანებით. ეს სიმაგრე მისი მკერდი, მისი სულიერი განწყობილებაა“, – წერდა „ერთობა“.