9 აპრილი – უნდა ვიცოდეთ, გვახსოვდეს და ვათვიცნობიერებდეთ

   9 აპრილი – ერთი დღე ორი ისტორიული კონტექტით. 32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიიდან, როცა რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.

დღეს ასევე 30 წელი გავიდა 1991 წლის 9 აპრილიდან, როდესაც უზენაესმა საბჭომ 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტი მიიღო. ამით აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ ამ დღეს აქვს როგორც ტრაგიკული, ასევე ჰეროიკული განზომილება.

ანტისაბჭოთა მოძრაობა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, უფრო და უფრო აქტიურდებოდა. ეწყობოდა გაფიცვები და მიტინგები. კონფლიქტი ქართველებსა და საბჭოთა მთავრობას შორის ძალიან გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს აფხაზეთში სოფელ ლხინში ჩატარებული კრების შემდეგ. ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა ამ შეკრებაზე შეადგინეს პეტიცია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელზე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს შემადგელობიდან გასვლა და რუსეთთან მიერთება მოითხოვეს. ფაქტის გახმაურებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია სოხუმშიც და თბილისშიც. 3 აპრილს სოხუმის ცენტრში მოეწყო დიდი მიტინგი. მიტინგის დასრულების შემდეგ ლიდერები შეთანხმდნენ 4 აპრილიდან დაწყებულიყო მასობრივი პოლიტიკური აქციები დედაქალაქში. აქციების მიზანი აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის სოლიდარობის გამოცხადება იყო.

4 აპრილს დაიწყო შიმშილობა რუსთაველის გამზირზე მთავრობის სასახლის კიბებეებზე. საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 5 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეუერთდა მომიტინგეებს. მათ შორის იყვნენ ლიდერები მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები. მომიტინგეთა მოთხოვნები იყი აფხაზეთის ავტონომიის გაუქმება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და საქართველოში ნატოს ჯარების შემოყვანა. თანდათან მოთხოვნებს შორის აფხაზეთის საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია და ძირითად მოთხოვნად დამოუკიდებლობის აღდგენა რჩებოდა. მიტინგს უერთდებოდნენ რეგიონებიდან ჩამოსული დიდი ნაკადები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.

9 აპრილს გამთენიისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიმართა რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, გააფრთხილა ისინი მოსალოდნელი ძალადობის შესახებ და დაშლისკენ მოუწოდა. მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. დილის 4 საათზე დაიწყო მიტინგის დარბევა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ლენინის მოედანიდან და ძერჟინსკის ქუჩიდან დაძრულმა ჯავშანტრანსპორტიორებმა და ტანკებმა. ჯარისკაცები შეიარაღებულნი იყვნენ სასანგრე ბარებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით.

ძალიან ადვილად შეიძლებოდა მომიტინგეების არასისხლისმიერი გზით დაშლა, მაგრამ ტირანიის მიზანი უბრალოდ აქციის დაშლა არ იყო, მათ ქართველი ერის დასჯა სურდათ. დასჯა იმის გამო, რომ ქართველმა ერმა თავისუფლება მოითხოვა. ამ ტრაგედიამ ძალიან დააჩქარა საქართველოში დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება. გახადა ეს იდეა ისტორიულად შეუქცევადი და საყოველთაო.

9 აპრილი ქართველი ერის ცოცხალი მეხსიერების ნაწილია, ეს არ არის მშრალი ისტორიული თარიღი. 9 აპრილმა ბევრად განსაზღვრა ის ისტორიული გზა, დამოკიდებულება და ურთიერთობები, რამაც ქართველი ერის იდენტობა და არჩევანი განსაზღვრა.

დიდება გმირებს:

🎗 აზა ადამია, 22 წლის
🎗 ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
🎗 ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის
🎗 ნატო გიორგაძე, 23 წლის
🎗 თამუნა დოლიძე, 28 წლის
🎗 თინა ენუქიძე, 70 წლის
🎗 ნინო თოიძე, 22 წლის
🎗 ზაირა კიკვიძე, 61 წლის
🎗 მანანა ლოლაძე, 34 წლის
🎗 თამარ მამულაშვილი, 50 წლის
🎗 ვენერა მეტრეველი, 45 წლის
🎗 მამუკა ნოზაძე, 21 წლის
🎗ნანა სამარგულიანი, 41 წლის
🎗 შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის
🎗 მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
🎗 ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
🎗 თამარ ჭოველიძე, 16 წლის
🎗 ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
🎗 მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
🎗 მანანა მელქაძე, 26 წლის
🎗 გია ქარსელაძე, 25 წლის /მოკლეს კომენდანტის საათის დროს/